სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი შეეცდება რუსული ნავთობის ემბარგოსგან გათავისუფლება მოიპოვოს.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს და სავარაუდოდ, სამშაბათს დაასრულებს მუშაობას.
2 მაისს, სააგენტო Reuters-მა ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს.
სლოვაკეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რუსულ წიაღისეულ საწვავზე.
„თუ საქმე ეხება რუსული ნავთობის დამტკიცებულ ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, მაშინ სლოვაკეთი მოითხოვს გათავისუფლებას. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ მილსადენით ტრანსპორტირებული ნავთობისთვის უფრო ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს“, – განაცხადეს სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროში.