პოლონეთი მზადაა, გერმანიას რუსული ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმაროს

პოლონეთი მზადაა, გერმანიას რუსული ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმაროს. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ თქვა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მიმდინარე წლის ბოლომდე დააწესებს.

“პოლონეთის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, გერმანიის ამბიციურ გეგმას მხარი დაუჭიროს, რომ მათ მოახდინონ დერუსიფიკაცია ქალაქ გდანსკში ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საშუალებით. გვსურს, ევროკავშირმა განსაზღვროს კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეწყვეტენ წევრი ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტს”. – ამბობს მინისტრი.

პოლონეთი რუსეთისთვის კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას უჭერს მხარს, თუმცა, ევროკავშირის არაერთი ქვეყანა რუსულ ენერგორესურსებზე დიდწილადაა დამოკიდებული, ამიტომ საერთო პოზიციის შეჯერება ვერ ხდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა – მიზეზი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე ნათქვამი უარია.  პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: “ტაბულა”

Leave a Reply