ჩინეთი რუსული გაზის მეოთხე უმსხვილესი ბაზარი ხდება

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთში რუსული გაზის მიწოდება სტაბილურ დონეზე რჩება და დღეში, დაახლოებით, 43 მილიონ კუბური მეტრს შეადგენს. „გაზპრომის“ მონაცემებს „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მიწოდების მოცულობა 2022 წლის პირველ ოთხ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, თითქმის, 60%-ით აღემატება. კომპანია აცხადებს, რომ „სილა სიბირის“ („ციმბირის ძალის“) გაზსადენით ჩინეთში გაზის ექსპორტი იზრდება, რასაც „გაზპრომსა“ და ჩინურ CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი ხელშეკრულება ითვალისწინებს.

„გაზპრომის“ მონაცემებით, 2021 წლის ოთხი თვის განმავლობაში „სილა სიბირის“ მეშვეობით გაზის ექსპორტმა ჩინეთში 3,09 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველ ოთხ თვეში მიწოდებული გაზის მოცულობა 4,9 მილიარდი კუბური მეტრი იქნებოდა.

2022 წლის იანვარში მიწოდება 1,3 მილიარდი კუბური მეტრი, თებერვალში – 1,2 მლრდ კუბური მეტრი, ხოლო მარტსა და აპრილში სათითაოდ 1,2 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

ერთი წლის წინ, 2021 წლის აპრილში მიწოდება შესამჩნევად შემცირდა, რაც პირველი კვარტალის დონესთან შედარებით დაახლოებით მეოთხედით ნაკლები იყო, თუმცა 2022 წლის აპრილში დღიური მიწოდების მოცულობა ზამთრის მაღალ დონეზე რჩება.

რუსული გაზის მიწოდება ჩინეთში იაკუტიის ჩაიანდინსკოეს საბადოდან „სილა სიბირის“გაზსადენით 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პირველი ხუთი წლისთვის მოცულობა 38 მილიარდ კუბურ მეტრამდე წლიური ზრდის მიზნით არის გამოყოფილი.

წელს ჩინეთი შესაძლოა, რუსული გაზის მეოთხე უმსხვილესი ბაზარი გახდეს გერმანიის, იტალიისა და თურქეთის შემდეგ და ისეთ ძირითად მომხმარებლებს გადაუსწრებს, როგორიც არის საფრანგეთი, ავსტრია და ნიდერლანდები.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply