ევროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს

ვროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

მოსალოდნელია, რომ ევროკომისია სამშაბათს დაასრულებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვას, რადგან ნავთობის ექსპორტი მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

უნგრეთმა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, არაერთხელ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს სანქციებს ენერგეტიკის სფეროში. სლოვაკეთი ასევე არის ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რუსულ წიაღისეულ საწვავზე.

ევროკავშირის ერთიანი პოზიციის შესანარჩუნებლად, ევროკომისიამ შესაძლოა სლოვაკეთსა და უნგრეთს გათავისუფლება ან ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდი შესთავაზოს, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ნავთობის ემბარგო, სავარაუდოდ, ეტაპობრივად და დიდი ალბათობით, მხოლოდ მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება.

Leave a Reply