უკრაინის ეროვნულ ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული სტატუსი „უკრენერგოს“ საშუალებას მისცემს, შეუერთდეს ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორთა საერთაშორისო ასოციაციას. როგორც დამკვირვებელი წევრი, უკრაინული ოპერატორი შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს ENTSO-E-ის კონტინენტური ევროპის რეგიონული ჯგუფის შეხვედრებში. კომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ შეუერთდნენ ENTSO-E-ს სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც იმუშავებენ ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებაზე, ბალანსირებაზე, სერვისებზე, მონაცემთა ელექტრონულ გაცვლაზე, ელექტროენერგიის სექტორში კიბერუსაფრთხოების განვითარებაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციასა და სხვა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ამ შეთანხმების ხელმოწერა უკრაინას კიდევ უფრო დაახლოებს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებთან სრულ ინტეგრაციასთან და შემდგომ განვითარებას განაპირობებს.
„უკრენერგომ“ ENTSO-E-ში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადი 2021 წლის დეკემბრის ბოლოს წარადგინა.