რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს.
„ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, – აცხადებენ ტრეიდერები.
„როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად 6,5 მილიონი ტონა Urals, Siberian Light, Sokol და ESPO Blend-ის ნავთობი გამოიტანა და პოტენციურ შემსყიდველებს თანხის რუბლში გადახდის შესახებ აცნობა, თუმცა ნედლეულის რეალიზება ვერ შეძლო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.