ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გასროლილმა ორმა რაკეტამ სადგურს კრიტიკულად სახიფათო სიახლოვეს ჩაუარა.
ამის შესახებ ელექტროსადგურის პრესსამსახური იტყობინება.
“დაბალ სიმაღლეზე რაკეტების ფრენა, სადაც – დიდი რაოდენობით ბირთვული მასალებით – 7 ატომური დანადგარია განთავსებული, ქმნის უზარმაზარ რისკებს. რაკეტები ერთ-ერთ ბირთვულ დანადგარს რომ მოხვდეს, შეიქმნება ბირთვული და რადიაციული კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას დაბომბეს. ზაპოროჟიეს საკრებულოში მოსახლეობას მოუწოდებენ, განგაშის დასრულებამდე დარჩნენ თავშესაფრებში და არ გაავრცელონ ფოტოები ან ვიდეოები სოციალურ ქსელებში.
რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს – ოკუპანტებმა მასზე კონტროლი 4 მარტს დაამყარეს, სადაც მძიმე ტექნიკა და საბრძოლო მასალები განათავსეს და სადგური, ფაქტობრივად, სამხედრო ბაზად აქციეს.
11 მარტს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული კორპორაციის “როსატომის” 11 თანამშრომელი მივიდა.
“ენერგოატომ”-ის ინფორმაციით, დღესდღეობით, სადგურის 6-ვე ენერგობლოკს უკრაინული პერსონალი ემსახურება, მიმდინარეობს თანამშრომლების როტაცია. ფორმალურად, ოკუპანტები ელექტროსადგურის მუშაობაში არ ერევიან, მაგრამ პერსონალი იძულებულია, ყველა ტექნიკურ გადაწყვეტილებასათან დაკავშირებით კოორდინაცია მათ მეთაურთან გაიაროს.