რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვები, მხოლოდ ერთ კვირაში 25%-ით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg გემების მონიტორინგისა და პორტის აგენტის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომლის თანახმადაც შავი ზღვის, ბალტიის და არქტიკის სანაპიროების პორტებიდან აზიისკენ მიმავალი ტვირთის მოცულობა გასულ ორ თვეში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
Bloomberg-ის ცნობით, რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან სულ 30-მა ტანკერმა ჩატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი. შედეგად, საზღვაო ნავთობის საშუალო ნაკადი დღეში 3,12 მილიონი ბარელით განისაზღვრა, რაც 8 აპრილს კვირასთან შედარებით, 25%-ით ნაკლებია. ნავთობის ექსპორტის შემცირება მოსკოვის შემოსავლების შემცირებას ნიშნავს, რადგან უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის ხარჯები და მასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების სია იზრდება.
მედიის ცნობით, რუსული ნავთობკომპანიებმა აპრილში მოპოვება 6 %-ით შეამცირეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მაისში რუსეთის ნავთობის ბაზარზე ვითარება კიდევ უფრო გართულდება.