რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს.
ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ამ ფაქტს „შანტაჟი“ უწოდა და თითქმის ერთხმასდ თქვა უარი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე“, – წერს სააგენტო.
ანალიტიკოსების პროგნოზით, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში 2022 წელს დაახლოებით 40-45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება. 2021 წელს ევროპამ რუსეთისგან 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო.
„გაზპრომში“ ევროპაში რუსული გაზის სამომავლო პერსპექტივაზე ლაპარაკი არ სურთ. კომპანიამ Reuters კითხვებს არ უპასუხა.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანია იყო, რომელმაც „გაზპრომისგან“ 45,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მეორეა იტალია [20,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი], მესამე კი ავსტრია [13,2 მილიარდი კუბური მეტრი]. ამ დროსთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე მხოლოდ უნგრეთია თანახმა.
წყარო: europetime.eu