ვაგიტ ალეკპეროვმა „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციები კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს, ვაგიტ ალეკპეროვსაც შეეხო, მან „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო და კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ განცხადებას აღნიშნული კომპანია ავრცელებს.

„შესაბამისი განცხადება გადადგომის შესახებ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, დღეს გაეგზავნა“, – განაცხადა ლუკოილმა.

„ლუკოილში“ აღნიშნეს, რომ ვაგიტ ალეკპეროვი მაკონტროლებელი აქციონერი არ არის და იგი უშუალოდ აქციების მხოლოდ 3,12%-ს ფლობს.

„იგი ასევე ფონდების მეშვეობით 5,43%-საც ფლობს, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება არ აქვთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ვაგიტ ალეკპეროვი რუსეთის უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანიის „ლუკოილის“, დამფუძნებელი და კომპანიის პრეზიდენტი იყო.

Leave a Reply