მაღალი ფასის მიუხედავად, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იზრდება. 2022 წლის იანვარ-მარტი ამ მხრივ პოზიტიური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები რეკორდულად მაღალია, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის იმპორტი და მოხმარება მატულობს, რასაც აღმავალი ტრენდი აქვს და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მეტყველებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-მარტის  განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 257,2 ათასი ტონა, რაც 4,2 ათასი ტონით, ანუ 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (253 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის,  2022 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 135 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 122,2 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში “რეგულარის” ტიპის ბენზინის იმპორტმა- 76,9 ათასი ტონა (56,9%) შეადგინა, “პრემიუმის” ტიპის ბენზინის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი  54,1 ათასი ტონაა (40,1%),  ხოლო “სუპერის” ტიპის ბენზინის იმპორტი აღნიშნულ პერიოდში  4,0 ათასი ტონით  (3%) განისაზღვრა.

ვრცლად, თუ რამ განაპირობა იმპორტისა და მოხმარების ზრდა, ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორტა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა. მიზეზად მან პანდემიური ვითარება და ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა დაასახელა.

,,2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  გაზრდილია იმპორტი. იმის გათვალისწინებით, რომ წლის დასაწყისიდან რეკორდულად მზარდი ფასებია, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტი და მოხმარება ქვეყანაში არ მცირდება. ეს გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით, თუმცა ყველაზე მეტად ამას განაპირობებს ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში.

პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე აკეთებს არჩევანს, განსაკუთრებით თბილისში.  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური და ამიტომ მოქალაქეები კერძო ტრანსპორტის გამოყენებას ცდილობენ. გარდა ამისა, ტურისტების რაოდენობაც იზრდება.

საბოლოო ჯამში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე საკმაოდ დიდი აქტიურობა შეიმჩნევა,  იმპორტი და მოხმარება არათუ მცირდება, პირიქით, მატულობს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საბიუჯეტო შემოსავლებიც იზრდება და ეკონომიკაშიც მეტი აქტიურობაა,  რაც, თავის მხრივ, საწვავის მოხმარების მომატებას განაპირობებს. ვფიქრობ, მეტი ეკონომიკური აქტივობა რომ გვქონოდა ქვეყანაში, საწვავის ბაზარზეც იმპორტი გაცილებით მაღალი იქნებოდა, მაგრამ  ომი ამ მხრივ ძალიან უარყოფით როლს ასრულებს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება მონაცემებს ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის  განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 69,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუსეთი – 53,7 ათასი ტონა – 20,9%;   ბულგარეთი – 53,5 ათასი ტონა – 20,8%; აზერბაიჯანი – 40,4 ათასი ტონა – 15,7%; თურქმენეთი – 30,6 ათასი ტონა – 11,9%; თურქეთი – 5,5 ათასი ტონა – 2,1%; საბერძნეთი – 3 ათასი ტონა – 1,2%;  ყაზახეთი – 0,6 ათასი ტონა – 0,2%, სეიშელი – 0,5 ათასი ტონა – 0,2%.

როგორც ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე იმპორტი დამოკიდებული არ არის, რაც  პოზიტიური ფაქტორია.

,,საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ქვეყანა რუმინეთი არის ყველაზე დიდი მომწოდებელი,  რუსეთი ძირითად სამეულშია, რასაც თავისი ახსნა აქვს.  რუსული პროდუქტი ხარისხით გამოირჩევა და მიწოდების პირობებიც მიმდინარე პერიოდში ხელსაყრელია შედარებით დაბალი ფასის გამო. ამდენად, რუსული საწვავი ერთ-ერთ მოწინავე  პოზიციას ინარჩუნებს.  აზერბაიჯანი დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია.  საკმაოდ მარალ დონეზეა იმპორტი თურქმენეთიდანაც,  ეს ძირითადი ქვეყნებია, რომლებიც სტაბილურად ითვლებიან ნავთობპროდუქტების აქტიურ  მომწოდებლად. არც ერთ ქვეყანას არ აქვს ძირითადი და გადამწყვეტი როლი, ამას ისიც მოწმობს, რომ პირველი ოთხეული დაახლოებით 20-25%-ის ფარგლებში არის სტატისტიკურ მონაცემებში“, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

მისივე შეფასებით, ბაზარზე სრული გაურკვევლობაა, რასაც განაპირობეს ცუდი მოლოდინი, რაც დიდწილად უკრაინაში მიმდინარე ომით აიხსნება.

,,ჯერჯერობით აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა, მათ შორის ნავთობის ფასთან დაკავშირებით. თუკი 1 კვირის წინ 100-დოლარიან ნიშნულს მცირედით ჩამოცდა ნავთობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით 110 დოლარიან ნიშნულზეა. რუსეთ-უკრაიანის ომმა ბაზრები რადიკალურად გადააწყო, ფასები იცვლება.

არ არის გამორიცხული, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარი განაცხადონ. შესაბამისად, ესეც დამატებით უარყოფით გავლენას მოახდენს. სტაბილურობის მომენტები ჯერჯერობით არ იკვეთება“, – განაცხადა მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply