„გაზპრომმა“ იამალ-ევროპის გაზსადენით, პოლონეთის გავლით გერმანიაში გაზის გადაქაჩვის მაისის მთელი თვის მოცულობა აღარ დაჯავშნა. ინფორმაციას სამთავრობო „ტასი“ GSA Platform-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აუქციონზე დღეში 89,1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა იყო შეთავაზებული, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
Reuters-ის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე ველკე-კაპუშანის გაზგამანაწილებელ სადგურზე მაისისთვის რუსული საექსპორტო გაზის 24,6 მილიონი კუბური მეტრის დღიური მოცულობა დაჯავშნულია, ხოლო უკრაინის გავლით რუსული გაზის დამატებითი მოცულობის ტრანზიტისთვის მაისის დაჯავშნის აუქციონი გაუქმდა.
„ინტერფაქსი” უკრაინული GTS ოპერატორის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის ტერიტორიით ევროპაში რუსული გაზის გადაქაჩვაზე განაცხადი 19 აპრილის მდგომარეობით 54,8 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.
„კომერსანტის“ ცნობით, ზოგიერთი კონტრაქტის მიხედვით, 15 აპრილი აპრილის მიწოდების წინასწარი გადახდის ბოლო ვადაა და ეს გადახდა უკვე რუბლებში უნდა განხორციელდეს. გამოცემა წერს, რომ თუ მიწოდების საფასური რუბლებში კონვერტაციით დროულად არ გადაიხადეს, „გაზპრომი“ მაისიდან ექსპორტს შეაჩერებს.
წყარო: bpn.ge