საბერძნეთმა რუსული დროშის ქვეშ მცურვი ნავთობის ტანკერი Pegas დააკავა. ამის შესახებ DW წერს.
გემი საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მოთხოვნით 15 აპრილს დააკავეს. ტანკერის დაზიანების გამო, ის ბუქსირით გადაიყვანეს პელოპონესის ნახევარკუნძულის პორტში. იქ ნავთობი სხვა ტანკერში უნდა გადაეტვირთათ, რადგან შემაკავებელი ზომები ვრცელდება მხოლოდ თავად გემზე, მაგრამ არა მის ტვირთზე. ამინდის არასასურველი პირობების გამო, ტანკერი კუნძულ ევბეასთან ახლოს, კარისტოს ყურის შესასვლელთან გაჩერდა.
გემზე, საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 19 რუსი მეზღვაური იმყოფებოდა. როგორც Marine Traffic-ის გემების ზედამხედველობის სერვისიდან ირკვევა, ტანკერმა თურქეთის პორტი მარმარა-ერეგლისი 9 აპრილს დატოვა.
აპრილის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსული გემების ევროპულ პორტებში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. გამონაკლისი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკვების ან ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავ გემებს ეხება.