გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს.
ხუთმა ინსტიტუტმა: RWI, DIW, Ifo, IfW და IWH საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 2.7%-მდე შეამცირა, 2023 წელს კი 3,1%-იან ზრდას ელიან.
ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდება 1,9%-ით, ხოლო 2023 წელს 2,2%-ით შემცირდება.
“გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, გერმანიის ეკონომიკა მკვეთრ რეცესიას განიცდის”, – თქვა კვლევის დირექტორმა, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა სტეფან კუტსმა.
მიწოდების შეჩერების შემთხვევაში, 2022 და 2023 წლებში ეკონომიკის ზარალი, სავარაუდოდ, დაახლოებით 220 მილიარდი ევრო ($240 მლრდ) იქნება, რაც წლიური ეკონომიკური წარმოების 6,5%-ზე მეტის ეკვივალენტურია.
2022 წელს გერმანიაში ინფლაცია საშუალოდ 6,1%-მდე დაჩქარდება, რაც გასული 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
წყარო: “ბიზნესფორმულა”