შვეიცარულ-ჰოლანდიური უმსხვილესი კერძო ნავთობტრეიდერი, Vitol Group რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წლის ბოლომდე შეწყვეტს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს წყარო ამბობს, რომ Vitol-ის მიერ გადამუშავებული რუსული ნავთობის მოცულობა მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან მცირდება მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებებიც. კომპანია აპირებს, შეწყვიტოს ნედლი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა და მოელის, რომ ეს 2022 წლის ბოლომდე მოხდება.
Vitol Group 1966 წელს დაარსდა. კომპანია მსოფლიოში, Trafigura-სთან, Glencore-თან და Gunvor-თან ერთად, ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმოვაჭრეა. Vitol-მა გასული წლის მონაცემები არ გაამჟღავნა, თუმცა Reuters ვარაუდობს, რომ 2021 წელს კომპანიის სუფთა მოგება რეკორდული იქნებოდა და 4 მლრდ დოლარს ოდნავ გადააჭარბებდა. მარტის ბოლოს Vitol-მა განაცხადა, რომ მისი გასული წლის შემოსავალი 279 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
მარტის ბოლოს Vitol-ისგან Urals-ის ნავთობი ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა Indian Oil Corporation-მა ფასდაკლებით შეიძინა. Indian Oil-მა, მაისის დატვირთვის ტენდერში, Vitol-ისგან 3 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი იყიდა.
როგორც ცნობილია, კომპანია Shell-მა და BP-მ მარტის დასაწყისში რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარი განაცხადეს.
საინვესტიციო კომპანია Finam-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და კანადა, რომლებმაც იმპორტი აკრძალეს, რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის 10%-ს მოიხმარდნენ. 2021 წელს რუსეთმა ქვეყნიდან 230 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა, რაც, დღეში, დაახლოებით, 4,6 მილიონი ბარელის ექვივალენტია, ანუ აკრძალული ნავთობის წილი დღეში 0,46 მილიონ ბარელს შეადგენს.
წყარო: bpn.ge