გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა.
ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვიდან იმპორტირებული ენერგორესურსების წილი 35%-დან 25%-მდე შეამცირა.
გერმანიაში 13 აპრილს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ნავთობის ემბარგოს შესაძლო უარყოფითი გავლენებით შეშფოთებულია.
Frankfurter Allgemeine Zeitung-ის გამოკითხულთა მხოლოდ 30%-მა თქვა, რომ გერმანიამ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს, რათა არ გახდეს რუსეთის უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ირიბი დამფინანსებელი.
57%-ის თქმით კი, იმისთვის, რომ ქვეყანამ მიწოდების დეფიციტი და ფასების ზრდა თავიდან აიცილოს, გერმანიამ რუსული ენერგორესურსების იმპორტი უნდა გააგრძელოს.
24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.
სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.
წყარო: “ტაბულა”