იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე ღირდეს კონკურენტუნარიანი ფასი, პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთება არ უნდა სჭირდებოდეს. ჩემი გადმოსახედიდან აქ იკვეთება კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, ბაზარზე ყველა მოთამაშეს ერთდროულად შეეძლოს ან არ შეეძლოს როგორც ფასების მომატება, ასევე დაკლება.
„წარმოუდგენელია, რომელიმე მათგანს არ გაუჩნდეს ამბიცია, რომ ფასით აჯობოს თავის კონკურენტს და მეტი მომხმარებელი მიიზიდოს. სამწუხაროდ, ჩვენ მსგავს მოქმედებებს ბაზარზე ვერ ვხედავთ, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მოთამაშეები გარიგებულები არიან. შეიძლება ეს გარიგება არ იყოს მაინცდამაინც ყოველდღიური შეხვედრის შედეგი. ჩემი სუბიექტური ხედვაა, რომ მათ აქვთ გადანაწილებული თუ ვინ გაყიდის ყველაზე ძვირიან ბენზინს – ერთი როდესაც აწევს ფასს ყველა წევს, როდესაც ერთი დაწევს – ყველა დაწევს. ეს მანკიერი წრე უნდა დაირღვეს და უნდა დავინახოთ, რომ მათ შორის არის კონკურენცია. დღეს ჩვენ ამას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
მისივე თქმით, ევროკავშირში წევრობის კუთხით რაიმე სირთულეები რომ არ შეიქმნას, მნიშვნელოვანია კონკურენცია იყოს ის საბაზისო წერტილი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს საფუძველი იმისა, თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან მომხმარებელი და მიმწოდებელი.