ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

ლატვიის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კრისიანის კარინსმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყება ესტონეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რათა LNG-ის ტერმინალიდან ესტონეთში ბუნებრივი აირის მიწოდება სამომავლოდ უზრუნველყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა შეიძლება, მიმდინარე წელს უკვე დაიწყოს.

„გაზის მიწოდება ლიეტუვას Klaipeda LNG-დან ჯერ კიდევ გაგრძელდება. ლატვიის ტერმინალის უპირატესობა ის არის, რომ გაზი არა თავად ტერმინალში, არამედ ინჩუკანის მიწისქვეშა გაზის საწყობში იქნება შენახული“, – დასძინა ლატვიის პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრმა, იანის ვიტენბერგსმა განაცხადა, რომ ლატვიის LNG ტერმინალი სავარაუდოდ, 2023-2024 წლებში ამოქმედდება.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ნაბიჯების გადადგმას კვლავ გააგრძელებს. შესაბამისად, ქვეყანაში წიაღისეული საწვავიდან ადგილობრივი, განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებაც, უკვე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ლიტვის ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისიდან, ლიტვის გაზსატრანსპორტო სისტემა რუსეთიდან გაზს აღარ შემოიტანდა.

ამ დროისთვის, ლიტვა გაზის იმპორტს ლიეტუვაში, კლაიპედაში მდებარე LNG ტერმინალიდან ახორციელებს.

Leave a Reply