მიუხედავად ფასის 35 დოლარით შემცირებისა, ინდურმა კომპანიამ რუსული Urals-ის ნავთობი ტენდერიდან ამოიღო

ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა Indian Oil Corporation-მა, ბოლო ტენდერის ფარგლებში, რამდენიმე მაღალგოგირდიანი ხარისხის ნავთობის, მათ შორის რუსული Urals-ის ნედლეულის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, Indian Oil-მა ბაზრის მონაწილეებს აცნობა, რომ ტენდერში, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს, Das-ის, Eugene Island-ის, Thunder Horse-ისა და Urals-ის ნავთობი აღარ შედის.

Indian Oil ნედლეულის იმპორტს თავისთვის და შვილობილი კომპანია Chennai Petroleum-ისთვის ეწევა. Reuters-ის ცნობით, კომპანია მიმდინარე კვირაში კიდევ ორ ტენდერს გამართავს. მარტის ბოლოს Indian Oil-მა, მაისის დატვირთვის ტენდერში, 3 მილიონი ბარელი Urals-ის ნავთობი იყიდა, რაც ტრეიდერ Vitol-ისგან ფასდაკლებით შეიძინა. ეს იყო ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ რუსული ნავთობის მეორე შესყიდვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

Bloomberg იტყობინება, რომ რუსეთმა ინდოეთს თავის ნავთობზე დიდი ფასდაკლება, ანუ „ოპერაციის” დაწყებამდე ბარელზე მინუს 35 დოლარი შესთავაზა. სააგენტოს წყაროს ცნობით, მოსკოვს ინდოელებთან 2022 წლის ბოლომდე, მინიმუმ, 15 მილიონი ბარელის მიწოდებაზე სურს კონტრაქტის გაფორმება და მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა, 11 აპრილს გამართულ ვიდეოკონფერენციის დროს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მოუწოდა, არ გაზარდოს რუსული ნავთობის იმპორტი, რადგან, ბაიდენის თქმით, ეს „ინდოეთის ინტერესებში არ შედის.” ბაიდენი მას დაჰპირდა, რომ ქვეყანას ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში დაეხმარება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply