მთვრალაშვილი: ამ ეტაპზე რეგულარის ₾3-მდე გაიაფება შეუძლებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე დაწყებული საწვავის გაიაფება საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება.

მას დაკონკრეტება უჭირს, რამდენით შემცირდება ფასები, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რეგულარის ტიპის ბენზინის 3 ლარამდე გაიაფება მოსალოდნელი არ არის.

„ჯერ კიდევ გაყიდვაშია მაღალი ფასით იმპორტირებული საწვავი. ეს განაპირობებს, რომ ფიქსირდება ისტორიულად მაღალი ფასი საწვავზე საქართველოში.

საწვავის გაიაფების გლობალური პროცესი უკვე დაწყებულია. ფასების შემცირება არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე უკვე აისახა. ბრენდირებულმა სადგურებმა საქართველოში გადაწყობა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს.

3 ლარიან ნიშნულზე საწვავის, მათ შორის რეგულარის ტიპს საწვავის ჩამოსვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუმცა, რიგი გასამართი სადგურები ამ კატეგორიის პროდუქტს 3.25-3.30 ლარის ფარგლებში უკვე ყიდიან“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ მთვრალაშვილმა.

საქართველოში საწვავის მოსალოდნელი გაიაფება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა.

დღეის მდგომარეობით, ყველაზე მოხმარებადი ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 3.75-3.82 ლარი ღირს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply