ტრანსადრიატიკის გაზსადენმა (TAP), რომელიც აზერბაიჯანის ბუნებრივ გაზს კასპიის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას აწვდის, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაქსიმალურ სიმძლავრეს მიაღწია. ამის შესახებ დღეს, 11 აპრილს, Twitter-ზე TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა შიპატიმ დაწერა.
მისივე თქმით, საუბარია ბუნებრივი აირის მიწოდებაზე დღეში 33 მილიონი კუბური მეტრით, რაც წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.
შიპატი აცხადებდა, რომ ამ მოცულობის 10,5 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში გადაიგზავნება.
„გრძელვადიანი მიზანია მილსადენის სიმძლავრის გაორმაგება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროკომისიის და იტალიის მთავრობის მხარდაჭერა“, – განაცხადა TAP AG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
TAP-ის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. TAP-ის მთლიანი სიგრძე, რომელიც არის ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გაგრძელება ევროპისკენ, არის 878 კმ, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ. ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და იტალიის ტერიტორიის გავლით 8 კმ.
წყარო: bfm.ge