ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებას განიცდის. ამ ფაქტორმა გავლენა საქართველოზეც მოახდინა და საცალო ქსელში ისტორიული ანტირეკორდიც კი დამყარდა. დიდი გაძვირების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ საწვავის ფასი ნელა-ნელა ქვემოთ ჩავა და გაიაფება დაიწყება. მთავრობაში საწვავის ღირებულების შემცირების მტკიცე მოლოდინი აქვთ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია, თუმცა ამას როდის იგრძნობს მოსახლეობა, ჯერჯერობით, უცნობია.
საწვავი გამუდმებით ძვირდება, რაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორც მოსახლეობაზე, ასევე _ ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულებამ ანტირეკორდი დაამყარა, ბოლო რამდენიმე დღეა, პოზიტიური ნიშნებია. მაგალითად, გუშინ 1 ბარელის ღირებულებამ 106 დოლარი შეადგინა. ამასთანავე, ქვეყანაში ეროვნული ვალუტა მყარდება, რამაც საცალო ქსელში, ბოლოს და ბოლოს, გაიაფება უნდა მოიტანოს.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საწვავის ფასი შემცირდება და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი მტკიცებით, წლის განმავლობაში საწვავი მნიშვნელოვნად გაიაფდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. ამის საფუძველი ახლად გაფორმებული კონტრაქტებია, რომლებითაც ნავთობპროდუქტი უფრო დაბალ ფასშია, მაგრამ ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. ამას ვაკვირდებით და გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ სიტუაციით ვინმემ უფრო ბოროტად არ ისარგებლოს.
ნავთობზე დადებული ფიუჩერსული გარიგების ფასები წლის მეორე ნახევარში კიდევ მცირდება და წლის ბოლოს კიდევ უფრო დაწეულია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომაც საერთაშორისო ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყოს და გამოსავლის მოძებნა უნდა დაიწყოს განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში ისედაც მძიმე სოციალური ვითარებაა. ზუსტად ამიტომაც, მოსახლეობა საწვავის ფასებს აპროტესტებს და შეღავათს ითხოვს.
როგორც, „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, მოლაპარაკებები მართლაც დაწყებულია, რაც კარგია და ღირებულებაზე გავლენას ნამდვილად მოახდენს.
„საწვავის ფასის ცვლილებაზე, ერთი მხრივ, ლარის კურსის გამყარება მოქმედებს, რაც ბოლო პერიოდში პოზიტიურად მიდის. ამან მოიტანა ის, რომ მცირედით ღირებულების შემცირება დაიწყო, რაც საბითუმო ბაზარზე უკვე ასახულია.
გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს კონტაქტები სხვადასხვა მომწოდებელ ქვეყანასთან, არის შეთანხმებები და მოლაპარაკებები. ეს საკითხებიც დაიძრა და ამ მხრივაც კარგ შედეგებს ველოდებით. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, არის თურქმენეთი.
უნდა დაველოდოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს პროცესები. ბოლო პერიოდში საბითუმო ბაზარზე, დაახლოებით, 20-25 თეთრით გაიაფება უკვე მოხდა. იმედი გვაქვს, მომავალშიც, ახალი პარტიის შემოტანის შემდეგ, კიდევ უფრო დაიკლებს ფასი“, – აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.
ახლა ნაწილობრივ უკვე გამოიკვეთა გზები, თუ როგორ და რის ხარჯზე აპირებს სახელმწიფო საწვავის გაიაფებას, თუმცა საინტერესოა, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ სიტუაციაში სარგებლის მიღება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საწვავის გაიაფება თუ გვინდა, აუცილებელია ხარჯების შემცირება.
„საწვავის სხვა ქვეყნებიდან შემოტანა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია, თუ რომელ ქვეყნებს განვიხილავთ. მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა ყველა იმ ექსპორტიორ ქვეყანას, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ერთნაირად ეხება. ეს შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით – ლოგისტიკური თუ ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებით.
ასეთი რეგულირებით შესაძლოა, რომელიმე ქვეყნიდან შედარებით ნაკლები დაგვიჯდეს ნავთობის იმპორტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მომწოდებელი ქვეყანა დამოკიდებულია საერთაშორისო ტენდენციებზე. აქედან გამომდინარე, რას გულისხმობს ეკონომიკის მინისტრი ახალი ბაზრების ათვისებაში? უნდა განვიხილოთ სპეციალური შეთავაზებები. მაგალითად, შეგვიძლია ვისაუბროთ ფორვარდულ გარიგებებზე და ამის საფუძველზე რაღაც განსხვავებული ტარიფის შეთავაზებებზე.
გვაქვს მაგალითები, როცა ორ ქვეყანას ერთმანეთთან სხვადასხვა პირობით დადებული აქვს კონკრეტული გარიგება და ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას კონკრეტულ პროდუქციას რაღაცის სანაცვლოდ უფრო იაფად აწვდის. მინისტრი თუ საუბრობს ამაზე, ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა, თუმცა ამას უფრო დეტალური განმარტება სჭირდება“, – აღნიშნა ბაირახტარმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ადგილობრივი პარამეტრები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კომპანიებმა საწვავი გააიაფონ.
„თუ შევხედავთ ტენდენცებს, ბოლო ორ თვეში 25 დოლარით არის შემცირებული ნედლი ნავთობის ფასი და, იმავდროულად – პლატცის ტარიფიც, რასაც ემატება ეროვნული ვალუტის სიმყარე, რომელიც, რეკორდული დევალვაციის შემდეგ, სტაბილურდება. ეს ორი დადებითი პარამეტრი პოზიტიურად მოქმედებს და ახლა არის იმის საშუალება, რომ კომპანიებმა, რომელთაც ობიექტური სურვილი გააჩნიათ, საწვავზე ფასები შეამცირონ. მცირე კომპანიებს ეს პროცესი უკვე დაწყებულიც აქვთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – თუ რომელიმე კომპანიას საწვავის გაიაფება სურს, ამის შესაძლებლობას ადგილობრივი პარამეტრები იძლევა“, – განაცხადა ბაირახტარმა.
საქართველოს საწვავი რამდენიმე ქვეყნიდან შემოაქვს, მათ შორის არიან: რუსეთი, თურქმენეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. 2021 წელს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან – 22.1%, რომელსაც მოჰყვებიან რუსეთის ფედერაცია – 19.2% და რუმინეთი – 18.2%.
წყარო: resonancedaily.com