რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად დიდი ბრიტანეთი ახალ ატომურ ელექტროსადგურებს ააშენებს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა, კვასი კვარტენგმა განაცხადა. ინფორმაციას The Sunday Telegraph-ზე დაყრდნობით, Epravda იუწყება.
კვასი კვარტენგის თქმით, დიდი ბრიტანეთი 2050 წლისთვის, ბირთვული სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს, ახალ ელექტროსადგურებს კი, გაცილებით მეტი სიმძლავრე ექნებათ.
ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგ კვირას პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ახალი ატომური ელექტროსადგურების აშენების გეგმებზე ისაუბრებს.
„გეგმები 2050 წლამდე ბრიტანეთში, თითქმის ყველა ატომური ელექტროსადგურის სრულ ჩანაცვლებას მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, 6 ან 7 ახალი, უფრო ძლიერი ელექტროსადგური უნდა აშენდეს. ატომური ენერგიის წარმოების გაზრდის კურსი, შიდა ენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოების ნაწილი იქნება, რომელიც მიღებულია რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამო“, – აღნიშნა კვასი კვარტენგმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის გამო, ბელგიამ გადაწყვიტა, 2025 წლისთვის დაგეგმილი ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი შეწყვეტა ათი წლით გადაედო.