უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერები სულ უფრო მეტად ქრებიან თვალთვალის სისტემებიდან, რაც პოტენციურ მყიდველებზე ე.წ. ჩრდილოვანი ექსპორტის მანიშნებელია. ამის შესახებ სადაზვერვო კომპანია Windward-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამი დანიელმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეგრეთ წოდებული, ბნელი აქტივობის დროს რუსული გემების ტრანსპონდერები საათობით გამორთულია, რასაც ადრე აშშ-ს ოფიციალური პირები „მატყუარა გადაზიდვის“ პრაქტიკად განიხილავდნენ. ის ხშირად სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.
რუსული ნედლი ნავთობის ტანკერებს შორის „ბნელი აქტივობა,“ ომამდელ პერიოდთან შედარებით, 600%-ით არის გაზრდილი.
მისი მონაცემებით, ეს მხოლოდ ნედლი ნავთობის შემთხვევაში არ ხდება და მსგავსი ტენდენცია სხვა ნავთობპროდუქტებზეც შეინიშნება.
კომპანია Windward საზღვაო ინდუსტრიის თვალყურის დევნებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. კომპანიის მონაცემებით, 12 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში, რუსული ნავთობქიმიური და ნავთობპროდუქტების ტანკერების მხრიდან „ბნელი აქტივობის“ 33 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა 12 თვის ყოველკვირეულ საშუალო მაჩვენებელზე 236%-ით მეტია.
საერთაშორისო რეგულაციების მიხედვით, გემებს, როგორიც არის ნავთობის ტანკერები, ტრანსპონდერები თითქმის ყოველთვის ჩართული უნდა ჰქონდეთ.
2020 წლის მაისში აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გაავრცელა გამაფრთხილებელი რეკომენდაციები საზღვაო, ენერგეტიკისა და ლითონის მრეწველობის სანქციებთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც „არაკანონიერი გადაზიდვებისა და სანქციების თავიდან აცილების პრაქტიკის“ აღმოფხვრაა.
ამ რეკომენდაციებში ჩამოთვლილი მაგალითებიდან პირველი იყო გემებზე, მოძრაობის „შენიღბვის მიზნით,“ ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემების (automatic identification systems-AIS) „გამორთვა ან მისით მანიპულირება.“
“AIS-ით მანიპულირება და მისი შეფერხებით მუშაობა შესაძლოა, პოტენციურად უკანონო ან სანქცირებულ ქმედებებზე მიუთითებდეს,” – ნათქვამია აშშ-ის ხაზინის გამაფრთხილებელ განცხადებაში.
გემები, ასევე, შეიძლება, უსაფრთხოების მიზეზებით, მათ შორის მეკობრეებით სავსე წყლებში ცურვის დროს „დაბნელდნენ,“ თუმცა Windward-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს რუსული გემების „დაბნელების“ მიზეზი არ არის.
“ამ გემებს რადარებიდან გაქრობა სურთ. რეგულაციების მოთხოვნების დაცვით, ეს წითელ დროშას ნიშნავს,“ – აცხადებს ამი დანიელი.
ხაზინის დეპარტამენტში CNN-ს განუცხადეს, რომ სააგენტოსთვის „ეს ანგარიშები ცნობილია” და „სხვადასხვა მეთოდის” გამოყენებით პარტნიორებთან მუშაობს, რომ რუსული გემების მონიტორინგისთვის მხოლოდ ტრანსპონდერის მაუწყებლობას არ დაეყრდნოს.
კვლევითი ფირმა Rystad Energy-ის მონაცემებით, ომის დაწყებიდან ხუთი კვირის განმავლობაში, დღეში 1,2-დან 1,5 მილიონ ბარელამდე ექსპორტირებული რუსული ნედლი ნავთობი გაქრა. ეს „საიდუმლო ნავთობი“ დღეში, დაახლოებით, 4,5 მილიონ ბარელს შეადგენს.
ანალიტიკოსების ვარაუდით, არსებობს მტკიცებულება, რომ რუსულ ენერგიას მალულად ნავთობის ორი უდიდესი მომხმარებელი და ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნების, ჩინეთისა და ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ყიდულობენ.
წყარო: bpn.ge