რუსეთი ინდოეთს ნავთობზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ინდოეთს ნავთობის პირდაპირ შესყიდვაზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს.

სანქცირებული ქვეყანა ინდოეთს ურალის ნავთობს ომამდელი ფასით, ბარელს $35-ად სთავაზობს. შეთავაზება ხდება იმ ფონზე, როცა Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით $10-ით გაიზარდა.

რუსეთს დასაწყისისთვის სურს, ინდოეთმა 15 მილიონი ბარელი ნავთობი იყიდოს. მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს.

აზიაში რიგით მეორე ყველაზე დიდი ნავთობის იმპორტიორი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის ყიდვას აორმაგებენ. მთავარი მყიდველები არიან ინდოეთი და ჩინეთი.

რუსეთმა ინდოეთს ასევე შესთავაზა გადახდები რუბლით რუსული SPFS-ის შეტყობინებების სისტემის გამოყენებით, რამაც შესაძლოა ვაჭრობა უფრო მიმზიდველი გახადოს ინდოეთისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საკითხი სავარაუდოდ სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს განიხილება.

მოსალოდნელია, რომ პირდაპირი შესყიდვა მოიცავს რუსულ Rosneft-სა და აზიის უმსხვილეს გადამამუშავებელ კომპანია Indian Oil-ს, რომლებსაც არასავალდებულო ვადის კონტრაქტი აქვთ წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ბარელის მიწოდებაზე. უცნობია, რა შეიძლება იყოს შესყიდვის ზედა ზღვარი.

კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, Indian Oil-ი ნავთობს იყიდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. შესაბამისად, რუსეთის მიერ შეთავაზებულმა ფასდაკლებამ შეიძლება ნავთობით ვაჭრობა სიცოცხლისუნარიანი გახადოს თუნდაც უფრო მაღალი სატვირთო ტარიფებით.

მხარეები იკვლევენ ნავთობის მარშრუტს ვლადივოსტოკის პორტის გავლით შორეულ აღმოსავლეთში, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო დაბრკოლებები ქვეყნის დასავლეთით ბალტიის ზღვიდან მიწოდებისთვის. ამ გზით ნავთობის მიწოდება ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში 20 დღეზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი.

ინდოეთი ასევე ცდილობს გაზარდოს მედიკამენტების, ავტომობილებისა და ქიმიკატების ექსპორტი რუსეთში.

ინდოეთმა რბილი პოზიცია დაიკავა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით, ხოლო აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ მოსკოვის იზოლირებას და დასჯას მეზობელ ქვეყანაში შეჭრისთვის.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply