რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და „გაზპრომს“ დაავალა, 31 მარტისთვის მოამზადონ ანგარიში ე.წ. არამეგობრული ქვეყნების მიერ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე გადასვლის შესახებ. ამის შესახებ კრემლის საიტი იტყობინება.
დავალებაში ნათქვამია, რომ მთავრობამ, ცენტრალურმა ბანკმა და „გაზპრომმა“ უნდა მოახდინონ „ზომების კომპლექსის რეალიზაცია“ გაზის საფასურის გადახდის ვალუტის შესაცვლელად და პუტინს ყოველთვიურად მოახსენონ ამის შესახებ. 31 მარტამდე მთავრობამ უნდა დაამტკიცოს დირექტივა „გაზპრომსა“ და მომხმარებლებს შორის არსებულ კონტრაქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
გასულ კვირაში პუტინმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე უნდა გადავიდნენ. ამ ზომის მიზანია რუბლის კურსის მხარდაჭერა იმ პირობებში, როცა ცენტრალური ბანკის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია.