უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რუსეთი უნდა გაირიცხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან (IAEA), – განაცხადა 27 მარტს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ოლენა ზერკალმა.
“ახლა ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რუსეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან გავრიცხოთ, ან მინიმუმ შევამციროთ მისი როლი და ყველა რუსი ჩამოვაშოროთ იმ საკვანძო პოზიციებს, რომლებსაც ისინი იკავებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოში”, – თქვა ზერკალმა.
უკრაინაში მიაჩნიათ, რომ “ამის უდავო მიზეზი არის ბირთვული ტერორიზმის პოლიტიკა, რომელსაც რუსები უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მიტაცებით ახორციელებენ”.
11 მარტს, “რადიო თავისუფლების” პროექტ “აზოვის ზღვის ამბები”-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის სახელმწიფო კომპანია Energoatom-ის ხელმძღვანელმა პეტრ კოტინმა განაცხადა, რომ რუსები IAEA-ს მესამედს შეადგენენ.