დავით ჩიხელიძე: დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ხედავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. დღევანდელი მოცემულობით ზოგადად მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე შედეგი ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა. სწორედ მთავრობის და ირაკლი ღარიბაშვილის სწორი მუშაობის შედეგია, რომ დღეს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის ფასების კუთხით, შეხედეთ რა ხდება ევროპაში, ნახავთ რომ ზოგადად ცხოვრების ხარჯი ჩვენთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის მოპოვების გაზრდის კუთხით, პოზიტიური ძვრები შეიმჩნევა, რაც პრობლემის გადაჭრის რეალურ შესაძლებლობას იძლევა:

„საწვავის ფასი მსოფლიოში გაიზარდა, რაც საქართველოში არსებულ ფასებზე მომენტალურად აისახა. სამწუხაროდ ჩვენ კი საწვავის მომხმარებლები ვართ და არა მომპოვებლები. პრობლემას ვერც ყბადაღებული გადასახადების მოხსნა მოაგვარებს, რადგან ბიუჯეტი წინასწარ არის გაწერილი, ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი ლარის ამოღება, არსებულ სოციალურ მდგომარეობას გააღრმავებს და დაამძიმებს. საბედნიეროდ ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის მოპოვების გაზრდის კუთხით, პოზიტიური ძვრები შეიმჩნევა, რაც პრობლემის გადაჭრის რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთიდან გასულ საერთაშორისო კომპანიებთან, მათი წარმოების საქართველოში გადმოტანის შესახებ. მსოფლიოში არსებული რთული ვითარება საქართველოს ეკონომიკისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, შესაძლებლობა რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან რუსეთის ბაზარი ასობით ცნობილმა კომპანიამ დატოვა, რომელთა კაპიტალი რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. მათთვის ქართული ბაზარი საინტერესო უნდა იყოს, რადგან ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, ასევე, გვყავს კვალიფიციური მუშახელი და გეოგრაფიული, სტრატეგიული მდებარეობა, რაც ჩვენ ქვეყანას ინვესტიციისთვის მიმზიდველს ხდის!“, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

Leave a Reply