2025 წლამდე ჩინეთი განახლებადი ენერგიის გამომუშავების ზრდას გეგმავს, თუმცა სამომავლო გეგმებში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებას კვლავ წინა ფლანგზე აყენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, კლიმატური მიზნების მიღწევის პირობებში, ენერგოუსაფრთხოების დასაბალანსებლად სუფთა საწვავისა და წიაღისეული საწვავის კომბინაცია მნიშვნელოვანია.
ჩინეთი ნედლი ნავთობის წლიურ მოპოვებას 200 მილიონ ტონაზე შეინარჩუნებს, ხოლო 2025 წლამდე, ბუნებრივი აირის წარმოებას 230 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის. არსებული გეგმებით, 2025 წლისთვის არაწიაღისეული საწვავის წილმა მთლიანი ენერგიის მეხუთედი უნდა შეადგინოს, რაც 16%-ით მაღალია 2020 წლის მონაცემებზე. გარდა ამისა, მკაცრად გაკონტროლდება მძიმე მრეწველობაში ქვანახშირის გამოყენება.
2021-2025 წლებში ქვანახშირზე მომუშავე სიმძლავრის დაახლოებით 30 გიგავატი ეტაპობრივად გაუქმდება. 2025 წლამდე ქვეყანა 380 გიგავატი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრისა და 70 გიგავატი ბირთვული სიმძლავრის დამონტაჟებასაც გეგმავს. გარდა ამისა, ჩინეთს 2025 წლისთვის სურს, ქვეყანაში დაახლოებით 50.000 წყალბადის საწვავზე მომუშავე მანქანა ჰყავდეს და წლიურად 200,000-მდე ტონა მწვანე წყალბადი აწარმოოს.
ჩინეთი მსოფლიოში სათბური აირებით უმსხვილესი დამბინძურებელია. ჩინეთის პროგნოზით, ქვეყანაში ნახშირბადის ემისიების პიკი 2030 წლისთვისაა მოსალოდნელი, 2060 წლამდე კი ქვეყანა ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწევს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩინეთის მიზნობრივი თარიღი ბევრად დაგვიანებულია.
წყარო: forbes.ge