ჩინური ნავთობკომპანია Sinopec რუსეთში 500 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტს აჩერებს

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Sinopec Group-მა რუსეთში მსხვილ ნავთობქიმიურ და გაზის მარკეტინგულ ინვესტიციებზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ექსკლუზიურ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, დასავლეთის მზარდი სანქციების გამო, ჩინეთის მთავრობამ კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რაც Sinopec-მა გაითვალისწინა.

Sinopec-მა, რომელსაც ოფიციალურად „China Petroleum and Chemical“ ჰქვია, რუსეთის გაზის ქიმიურ ახალ ქარხანაში 500 მლნ დოლარის ინვესტიციაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. გეგმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობქიმიურ მწარმოებელ Sibur-თან გაერთიანებას ითვალისწინებდა. გაერთიანების ეს პროექტი Amur-ის 10 მლრდ დოდლარის გაზის ქიმიური კომპლექსის ანალოგი უნდა ყოფილიყო, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირში მდებარეობს და რაშიც Sinopec 40%-იან, Sibur კი 60%-იან წილს ფლობს. ის ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა შესულიყო. წყაროს ცნობით, კომპანიებს Amur-ის მსგავსი მეორე საწარმოს აშენება სურდათ და ფართობის შერჩევის შუაპროცესში იყვნენ.

Sinopec-მა მოლაპარაკებები მას შემდეგ შეაჩერა, როცა შეიტყო, რომ Sibur-ის მინოტარული აქციონერი და დირექტორთა საბჭოს წევრი, პუტინის ახლო მოკავშირე, გენადი ტიმჩენკო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა.

დაფინანსების პრობლემას თავად Amur-ის პროექტიც აწყდება, რადგან მისი ძირითადი კრედიტორები, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო „სბერბანკი“ სანქცირებულია.

Sinopec-მა, ასევე, გაზის მარკეტინგზე მოლაპარაკებები შეაჩერა რუსულ მწარმოებელ Novatek-თან, რადგან „სბერბანკი“ Novatek-ის ერთ-ერთი აქციონერია. ორშაბათს იმავე გენადი ტიმჩენკომ სანქციების გამო Novatek-ის დირექტორთა საბჭო დატოვა. Novatek-მა, რომელიც რუსეთის გაზის უმსხვილესი კერძო მწარმოებელია, 2019 წელს Sinopec-თან და Gazprombank-თან, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და თხევადი ბუნებრივი აირის ჩინეთში განაწილების მიზნით, წინასწარი შეთანხმება დადო.

„ერთის მხრივ, პეკინმა არაერთხელ გამოთქვა წინააღმდეგობა სანქციების მიმართ და ამტკიცებდა, რომ შეინარჩუნებდა ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, თუმცა მეორეს მხრივ, კულისებში მთავრობა სანქციების გამო ჩინეთის კომპანიებს უფრთხილდება და მათ აიძულებს, ფრთხილად განახორციელონ ინვესტიციები რუსეთში,“ – წერს Reuters.

რუსეთი ჩინეთსთვის მეორე უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი და მესამე გაზის მიმწოდებელი ქვეყანაა.

საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულმა წყაროებმა Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე, ჩინეთის სამი სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი, Sinopec, China National Petroleum და China National Offshore Oil რუსეთში თავიანთი მრავალმილიარდიანი დოლარის ინვესტიციებზე სანქციების გავლენას განიხილავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თვეში სამი ენერგეტიკული კომპანიის ოფიციალური პირები დაიბარა, რათა რუს პარტნიორებთან მათი საქმიანი კავშირები განეხილათ. ამის შესახებ Reuters-ს შეხვედრის მცოდნე ორმა წყარომ განუცხადა. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ სამინისტრომ კომანნიებს მოუწოდა, არ გადაედგათ ნაჩქარევი ნაბიჯები რუსული აქტივების შესყიდვისთვის.

კომპანიებმა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები შექმნეს, რომლებიც ბიზნესის შეფერხებისა და დამატებითი სანქციების შემთხვევაში საგანგებო გეგმაზე მუშაობენ.

წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”

Leave a Reply