კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ოტავას შეუძლია ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელით გაზარდოს, რათა “რუსული ნავთობი და გაზი ჩაანაცვლოს”.
კანადას, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სურს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით, რათა დაეხმაროს ევროკავშირს სწრაფად შეეშვას რუსული ენერგიის იმპორტს. ამის შესახებ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა.
“წლის ბოლომდე, კანადის ინდუსტრიას აქვს შესაძლებლობა, თანდათან გაზარდოს ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელით, რათა ჩაანაცვლოს რუსული ნავთობი და გაზი”, – თქვა მან.
კანადა არის ნავთობის მსოფლიოში რიგით მეოთხე უდიდესი მიმწოდებელი.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA), რომლის წინაშეც ვილკინსონმა ისაუბრა, რუსეთიდან მიწოდების შესაძლო მკვეთრი შემცირების შიშის ფონზე, ნავთობის გლობალური მოხმარების შესამცირებლად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
იმავდროულად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის ვაშინგტონთან ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის.
“ხვალ (25 მარტს) ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ თანამშრომლობას ჩვენს ენერგეტიკულ პარტნიორობაში პრეზიდენტ ბაიდენთან”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
საუბარია ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის დამატებით მიწოდებაზე რუსულის ნაცვლად.
წყარო: ipress.ge