შოლცი გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადოს. politico-ს ცნობით, შოლცი ამტკიცებს, რომ გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა გადახდას ევროში ან აშშ დოლარში ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, პუტინმა დასავლეთის სანქციების საპირისპიროდ განაცხადა, რომ ე.წ. არამეგობრულმა ქვეყნებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსული გაზის იმპორტის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. politico-ს შეფასებით, პუტინს ეს რუსული ვალუტის დაცემის შესაკავებლად და ენერგომატარებლებზე პოტენციური ემბარგოს ასარიდებლად სჭირდება.

მიუხედავად ამისა, ბრიუსელში, G7-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა პუტინის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ეს განვიხილეთ და რაც ვნახეთ არის ის, რომ ყველა საკონტრაქტო გადახდის პირობა ითვალისწინებს ფიქსირებულ ვალუტას, რაც უმეტეს შემთხვევაში, არის ევრო ან დოლარი,“ – აცხადებს შოლცი.

ცნობილია, რომ გერმანიამ რუსეთის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს დაუყოვნებლივ დაწესება უარყო, რის გამოც განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა. ბერლინის მტკიცებით, აკრძალვა რუსეთის ხელმძღვანელობასთან შედარებით, გერმანიისა და ევროკავშირის ეკონომიკაზე უფრო მძიმე გავლენას მოახდენს.

„სანქციები უნდა შევინარჩუნოთ მანამ, სანამ საჭირო იქნება და მათ ეფექტიანობას დავაკვირდეთ. თუ აუცილებლობა გახდა, ჩვენ დამატებითი სანქციებითაც მოვახდენთ რეაგირებას,“ – ამბობს კანცლერი, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება, გახდეს დამატებითი სანქციების გამომწვვეი მიზეზი.

ამასთან, Reuters პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირს უფრო მეტ თხევად ბუნებრივ გაზს (LNG) მიაწვდის, რათა მას დაეხმაროს, რუსეთის მიწოდებაზე დამოკიდებულება შეამციროს. „ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი თამაშის წესებზე შევთანხმდით და ამავდროულად, ვაჩქარებთ ჩვენს სწრაფვას სუფთა ენერგიის უსაფრთხო მომავლისკენ,“ – აცხადებს ბაიდენი. მისი თქმით, თეთრი სახლის ინიციატივა ფოკუსირებულია ორ ძირითად საკითხზე: ერთის მხრივ, რუსეთზე ევროპის დამოკიდებულება და მეორეს მხრივ, გაზზე ევროპის მოთხოვნა შეამციროს.

წყარო: bpn

Leave a Reply