ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს დღემდე.
ჰოსეინ ამირ-აბდოლლაჰიანის თქმით, „თუ აშშ პრაგმატულად იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ერთობლივ კომისიაში შედიან, შეიკრიბონ ვენაში და დავასრულოთ მუშაობა შეთანხმებაზე“.
ამირ-აბდოლლაჰიანმა ეს განაცხადა დამასკში პრესკონფერენციაზე 23 მარტს. „გადავეცით ჩვენი ბოლო წინადადებები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს ევროპის კავშირის, როგორც კოორდინატორის მეშვეობით და შევახსენეთ ამერიკელებს, რომ ჩვენს წითელ ხაზს არ გადავკვეთთ“.
თუ შეთანხმება მოხდა, ის იქნება თითქმის ერთწლიანი დაძაბული მუშაობის კულმინაცია. რამდენიმე კვირის წინ პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ მოსკოვმა მოითხოვა აშშ-გან გარანტია იმისა, რომ სანქციები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის გამო დაუწესეს, არ შეუშლიდა ხელს ირანთან ვაჭრობაში.
ამირ-აბდოლლაჰიანის განცხადების შემდეგ, მოლაპარაკებაზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ბაღერი ქანიმ ტვიტერში დაწერა, რომ „ფინიშის ზოლთან ახლოს ყოფნა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გადაიკვეთება“. ამ დროს აშშ-ის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა წერილი გაუგზავნეს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მოწოდებით, რომ დატოვოს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. დაუდასტურებელი მონაცემებით, აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამ გაერთიანების ამოღებას ირანთან ბირთვული მოლაპარაკების დროს კომპრომისის ჩარჩოებში.
წყარო: radiotavisupleba.ge