ევროკავშირის ლიდერები გაზის ერთობლივად შეძენაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მომავალი ზამთრისთვის ბუნებრივი აირის, თხევადი ნატურალური გაზისა და წყალბადის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაზის ფასები რეკორდულ ზრდას განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა გადაწყვიტეს, რაც იმპორტში, დიდი ალბათობით, ახალ მიმწოდებლებს, მათ შორის კატარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოიყვანს. სამიტზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ლიდერები, მომხმარებლებისთვის გაზის ცვალებადი ფასებისგან დასაცავად, ახალ ზომებს შეიმუშავებენ და განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების პოტენციური „ოპტიმიზაციის“ გზებს.

ევროკომისიამ გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებს სისტემა შესთავაზა, რომელიც ერთობლივად გაზის სტრატეგიული მარაგების შესყიდვას ითვალისწინებდა. მსგავსი სტრატეგია, როგორც ბუფერი მიწოდების პოტენციური შეფერხების წინააღმდეგ, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ესპანეთმა მოითხოვა. მიწოდების შეზღუდვის შეწყვეტის შიში ბევრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, რადგან რუსეთი ევროკავშირს გაზის 40%-ს აწვდის. ევროკავშირის მთავრობებმა, ბუნებრივი აირის ფასების ზრდისგან მომხმარებლების დასაცავად, საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდირებებზე მილიარდები უკვე დახარჯეს.

ბრიუსელის განცხადებით, ორგანიზაცია დაეხმარება ქვეყნებს მიმდინარე წელს გაზის ერთობლივად შესყიდვაში. სავარაუდოდ, ახალი სისტემისთვის წესები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. არსებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად გაზის მარაგი 90%-მდე შეივსება. ევროკავშირის საცავის ტევადობა ამჟამად  26%-ია.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply