დანია, განახლებადი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნის მიზნით, ელექტროლიზის ექვს გიგავატამდე სიმძლავრის წარმოებას გეგმავს. ქვეყნის მიზანი წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლება და ენერგეტიკული უსაფრთოების გაძლიერებაა.
დანიელი კანონმდებლები, ერთი ტენდერის საშუალებით, $184.83 მილიონის სუბსიდირებაზე შეთანხმდნენ, რაც მწვანე წყალბადის წარმოების მხარდაჭერასა და მისი კომერციული მოგებიანობის ზრდას ისახავს მიზანს. გარდა ამისა, უკრაინის კრიზისის პარალელურად, ქვეყანას ევროკავშირისგან სახელმწიფო დახმარების დაჩქარებულ ვადებში მიღების სურვილიც აქვს, რაც დანიას წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებაში ხელს შეუწყობს. თავად ევროკავშირიც ამჟამად რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
განახლებადი ენერგიიდან წარმოების შემთხვევაში წყალბადს „მწვანე რესურსის სტატუსი“ ენიჭება. მართალია, მწვანე წყალბადის ტექნოლოგია ძვირია და დახვეწასაც საჭიროებს, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის ის კვლავ უმთავრეს იარაღად ითვლება. შესაბამისად, ამჟამად დანიისთვის უმნიშვნელოვანესი ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაა, თუმცა ჯერჯერობით მთავრობის წარმომადგენლები განახლებადი ენერგიის ტენდერებთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებენ და პოლიტიკური მოლაპარაკების დაწყებას ელოდებიან.
რაც შეეხება ევროკავშირს, ბლოკი 2024 წლისთვის ექვსი გიგავატი ელექტროლიზის სიმძლავრის წარმოებას ისახავს მიზნად, რომელიც 2030 წლისთვის 40 გიგავატამდე გაიზრდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, ელექტროლიზების წარმოების სიმძლავრე მხოლოდ 0.3 გიგავატია.
წყარო: forbes.ge