რამდენიმე დღიანი კლების შემდეგ ნავთობზე ფასები ისევ გაიზარდა. ახალი პიკი არ გადაულახავს, თუმცა ბარელზე $100-იან ნიშნულს ჩამოცდენილი ფიუჩერსული ღირებულება $107 გახდა. საქართველოშო ბოლო 1 კვირაში საწვავზე საცალო ფასი 40-45 თეთრით გაიზარდა. საერთაშორისო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში არსებობდა მოლოდინი, რომ ფასების კორექტირება საქართველოშიც მოხდებოდა, ახლა ეს მოლოდინი შეიცვალა.
კომერსანტი მსოფლიო ფასების მატების ზრდისა და უახლოესი მომავლის პროგნოზის შესახებ სასაუბრო ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ვანო მთვრალაშვილს დაიკავშირდა. მისი განმარტებით წინა დღეებში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესსი გარკვეული პოზიტიური მოლოდინები არსებობდა რამაც ფასი შეამცირა, წარუმატებელი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ კი ზრდის ტენდენცია განახლდა.
როგორც ვანო მთვრალაშვილმა კომერსანტთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ნავთობს ემბარგო ოფიციალურად მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა და კანადამ დაუწესა, მისი შესყიდვისგან თავს ევროპული კომპანიებიც იკავებენ, რის გამოც, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, აპრილში რუსეთს მოპოვების მკვეთრი – 30%-იანი შემცირება მოუწევს.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს მთვრალაშვილის თქმით ნავთობკომპანიები ფასის შენარჩუნებას ცდილობენ და მსოფლიო ბაზარზე არსებული ღირებულების შენარჩუნების პირობებში, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ლარმა გამყარება განაგრძო.
საცალო ფასი პლატსით განისაზღვრება, რომელიც თავის მხრივ ბარელის ღირებულებაზეა მიბმული. 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინი ამჟამად $1025 ღირს, ხოლო დიზელი $1073. ეს არაა რეკორდი, 10 დღის წინ ბენზინი $1105 ღირდა, დიზელი – $1159.
ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინიც კი 3.74 ლარს აღწევს, პრემიუმის შეძენა, 3.85 ლარადაა შესაძლებელი, სუპერის ფასი 3.95-ს, დიზელის კი 3.99-ს აღწევს.
საწვავზე ფასების ზრდა, ინფლაციის ტემპის გარანტირებულ მატებას ნიშნავს, რაც პირველ დარტყმას მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას აყენებს.
წყარო: “კომერსანტი”