ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

გერმანია ნორვეგიასთან წყალბადის მილსადენის მშენებლობას განიხილავს

გერმანია და ნორვეგია განიხილავენ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი წყალბადის მილსადენის მშენებლობას, რათა შეამცირონ ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე.

ქვეყნები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას პროექტზე, რომელიც მწვანე წყალბადს ნორვეგიიდან გერმანიაში გადაიტანს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ შტორმა აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე განიხილეს.

“მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების დაჩქარება რუსული გაზისა და ნავთობის ჩასანაცვლებლად და ამისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება”,- ნათქვამია გერმანიისა და ნორვეგიის ერთობლივ განცხადებაში.

გერმანია უჭერს მხარს ენერგომომარაგების გადახედვას მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ევროპის უდიდესი ეკონომიკა გაზის ნახევარზე მეტს, ნახშირის ნახევარს და ნავთობის დაახლოებით მესამედს რუსეთიდან იღებს.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს ქვეყნის გაზისა და ქვანახშირის საწყობებს, რათა შეამციროს მიწოდების პოტენციური შეფერხებების გავლენა. მთავრობა ასევე ყიდულობს თხევად ბუნებრივ აირს, მხარს უჭერს მცდელობებს ახალი LNG ტერმინალის ასაშენებლად და ცდილობს განახლებადი ენერგიის უფრო სწრაფ გაფართოებას.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply