ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ და პერსონალურ შემაკავებელ ზომებს. გაერთიანებამ შეზღუდა რუსეთიდან ფოლადისა და რკინის იმპორტი, ინვესტიციები ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში, ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში და ასევე დააწესა სანქციები რუსი ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და კომპანიების წინააღმდეგ.
როგორც ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, „ევროკავშირის საბჭომ აკრძალა ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში და ასევე შემოიღო ყოვლისმომცველი შეზღუდვები ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის, ტექნოლოგიებისა და სერვისების ექსპორტზე, დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები რკინასა და ფოლადზე, ასევე ფუფუნების საგნებზე”. ძვირადღირებული საგნებში, როგორც ევროკომისია განმარტავს, იგულისხმება ძვირადღირებული მანქანები და სამკაულები.
ევროკომისიამ ასევე განმარტა, რომ „რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების აკრძალვა მოიცავს გამონაკლისებს სამოქალაქო ბირთვული ენერგიის ინდუსტრიისთვის და გარკვეული ენერგეტიკული პროდუქტების ევროკავშირში ტრანსპორტირებისთვის“.