საქართველოს ელექტროენერგია რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოაქვს. რუსეთიდან მიწოდების მოცულობა დაახლოებით 1,2 გვტ.სთ-ია, ხოლო აზერბაიჯანიდან – დაახლოებით 600 მგვტ.სთ. პარალელურად, ხორციელდება იმპორტი სომხეთიდანაც.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი სიტყვებით, საქართველო ელექტროენერგიის მოთხოვნილების 10-14%-ს იმპორტით იკმაყოფილებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ არის: „ზამთრის თვეებში ძირითადად იმპორტი იზრდება, გაზაფხულზე და ზაფხულში კი ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობაა. საქართველოში მოსალოდნელია ადგილობრივი წარმოების ზრდა და შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე უახლოეს თვეებში შემცირდება“.