საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 12 მარტს რუსეთი გააფრთხილეს, რომ მისმა მოთხოვნებმა, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა, შესაძლოა ჩაშალოს თითქმის დასრულებული ბირთვული შეთანხმება.
სამი ქვეყანა, რომლებიც ირანთან 2015 წელს გაფორმებული, გარღვევად მიჩნეული ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის იყვნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება არავინ უნდა გამოიყენოს სხვა შინაარსის გარანტიების მოსაპოვებლად. “ეს ქმნის შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს, რაც ირანის ხალხს უკარგავს სანქციების მოხსნის შესაძლებლობას, საერთაშორისო თანამეგობრობას კი ართმევს საჭირო გარანტიებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით” – წერენ საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის წარმომადგენლები.
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა პაუზის საჭიროება გამოაცხადა ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომლებიც ირანის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას ისახავს მიზნად, და პაუზის მიზეზად “გარე ფაქტორები” დაასახელა.
თეირანმა 2015 წელს მიაღწია შეთანხმებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, რომლის ფარგლებშიც ისლამური რესპუბლიკა პირობას დებდა, რომ შეამცირებდა ბირთვულ აქტივობას, საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ 2018 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს მკაცრი სანქციები აღუდგინა, რამაც თეირანს უბიძგა თანდათანობით შეემცირებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მოსკოვმა გასულ კვირაში მოითხოვა გარანტიები, რომ მისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები არ შეუძლის ხელს ირანსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ და სამხედრო კავშირებს. აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა ეს წინადადება უარყვეს და განაცხადეს, რომ ამას კავშირი არ აქვს ბირთვული ხელშეკრულების აღდგენასთან – შეთანხმების, რომელიც ზღუდავს თეირანის ბირთვულ აქტივობას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
წყარო: radiotavisupleba.ge