„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) წევრმა კომპანიებმა 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო, უკრაინულ და ქართულ ფონდებში 320 000 ლარამდე გადარიცხეს.
„გვჯერა უკრაინის გამარჯვების და რუსეთისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევის. მანამდე კი, შეძლებისდაგვარად, ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ უკრაინელ ხალხს“,- აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი.
მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების საკითხი ნებისმიერი ქვეყნისთვის.
„ვიხილეთ რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლებისა და ენერგოობიექტების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების არაერთი აშკარა მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალურად ათვისება კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია“,- აღნიშნავს გიორგი აბრამიშვილი.