100 კვტ-მდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ინსტასა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ შორის არსებული დავა განიხილა. შპს „ინსტა“ არის გამანაწილებელი კომპანიის საცალო მომხმარებელი, რომელიც თავისი მოხმარების დაკმაყოფილებისათვის ფლობს 100 კვტ-მდე (20 კვტ) სიმძლავრის ელექტროსადგურს.
მოდავე მხარეებს განემარტათ, რომ შპს „ინსტა“ ვალდებული არ არის დარეგისტრირდეს კვალიფიციურ საწარმოდ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ ბაზაში. კომისიამ 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც ერთდროულად არის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებელი და ამავე მიერთების ადგილას ფლობს საპროექტო სიმძლავრით არა უმეტეს 100 კვტ-მდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს, ენიჭება უფლება, უფასოდ მიუერთოს განაწილების ლიცენზიატის ქსელს ეს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და განახორციელოს მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელისთვის მიწოდება. თავის მხრივ განაწილების ლიცენზიატს ეკისრება ვალდებულება, ხელი შეუწყოს ასეთი სახის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
100 კვტ-მდე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, თუ არ აპირებს წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვას საბითუმო ბაზარზე, უფლება აქვს, წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს და ამ შემთხვევაში საცალო მომხმარებლის „მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის“ ელექტროენერგიით ვაჭრობის მონაწილედ (კვალიფიციურ სუბიექტად) რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.