ნანა გურგენიძე: ჩვენ ორიენტირებული ვართ ,,შუახევიჰესის" რეგიონის განვითარებისთვის

ნანა გურგენიძე: ჩვენ ორიენტირებული ვართ ,,შუახევიჰესის” რეგიონის განვითარებისთვის

აჭარისწყალი ჯორჯია (AGL) რეგიონის უმსხვილესს პროექტს ,,შუახევიჰესის კასკადის“ მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიის მენეჯმენტი შედგება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მენეჯერებისგან.

ნანა გურგენიძე ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორია. პირველადი პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაიცვა,  ენერგო მენეჯმენტის სამაგისტრის ხარისხი კი ამერიკაში, ნიუ იორკის ტექნოლოგიათა ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე, ენერგეტიკის სექტორში უკვე 10 წელზე მეტია რაც მუშაობს.

ნანა მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მინდა იმ  პროექტის მნიშვნელობაზე გკითხოთ რომელსაც თქვენი კომპანია ახორციელებს, ,,შუახევიჰესის კასკადის“ მშენებლობა რა შედეგს მოუტანს საქართველოს და ქართულ ენერგოსექტორს?

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ელექტროსადგურის დაშვების შემდეგ, საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლარვის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური, რომელიც დამატებით 440 მლნ. კვტ. საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც ზამთრის თვეებში სრულად მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში როდესაც ელექტროენერგიის გამომუშავება ჭარბია საქართველოში, ჩვენ განვახორციელებთ ექსპორტს თურქეთის მიმართულებით და ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს საექსპორტო პოტენციალში.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ორიენტირებულია განავითაროს რეგიონი სადაც ,,შუახევიჰესის კასკადის“ მშნებლობა მიმდინარეობს, ვახორციელებთ არაერთ სოციალურ პროექტს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება.

ეს პროექტები მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის მათ შორის სასკოლო ინფრასტქრუქტურის, ასევე, კერძო მცირე ბიზნესის წამოწყებაში და განვითარებაში ხელშეწყობას. კომპანია მუდმივად თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ მთავრობასთან, რომ გამოავლინოს ყველაზე მეტად საჭირო სფეროები სადაც ჩვენი ჩართულობით რეალურ ცვლილებას შევიტანთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სექტორში არც ერთი სხვა ინვესტორი არ ზრუნავს მოსახლეობისთვის ისე, როგორც ამას “აჭარისწყალი ჯორჯია” ან, როგორც ჩვენ ვეძახით შემოკლებით ,,ეი-ჯი-ელი“ (AGL) აკეთებს.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ პროექტში დასაქმებულია დაახლოებით 650 საქართველოს მოქალაქე, რითაც ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების საქმეში.

ამავდროულად ჩვენ ვქმნით ქონებას და შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შეგვაქვს ქონების გადასახადი (ამ დროისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარი, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება მშენებლობის დასრულების შემდეგ), რითაც ხელს ვუწყობთ იმ მუნიციპალიტეტების ფინანსურ კეთილდღეობას, სადაც ჩვენი სადგური იქნება განთავსებული.

ამასთან, ჩვენი კომპანია დაინტერესებულია, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მაღალი დონის პროფესიონალები დაგროვდნენ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ქვეყანას ახალგაზრდა სპეციალისტების გამოზრდის საქმეში. ამ მიზნით, წელს პირველად ჩვენ სამშენებლო ტერიტორიაზე პრაქტიკის გასავლელად ავიყვანეთ სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომლებიც უშუალოდ რეალურ სამყაროში და რეალურ დროში აკვირდებოდნენ იმას, რასაც უნივერსიტეტში თეორიულად სწავლობენ.

მე როგორც ამ ქყვეყნის მოქალაქეს ნამდვილად მეამაყება, რომ წარმოვადგენ კომპანიას, რომელიც ამდენ კეთილ საქმეს აკეთებს საქართველოში, თავისი მაღალი მორალური სტანდარტებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო.

12210762_1131811943515380_1348950917_o

თქვენი კომპანია აღიქმება, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია,  საზოგადოებისთვის ცნობილია რომ არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებთ მაღალმთიან აჭრაში,  ეს არის თქვენი კომპანიის ვალდებულება თუ  კომპანიის ხედვის ნაწილი?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი კომპანია საქართველოში თითქმის გამონაკლისია ინვესტორებს შორის, რეგიონის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზრუნვის თვალსაზრისით. ნამდვილად გაგიჭირდებათ, დამისახელოთ სხვა კერძო კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ამდენს შრომობს და შესაბამის ფინანსურ რესურს ხარჯავს სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებისთვის.

შესაბამისად, ეს არ არის ვინმეს და არც ჩვენი ვალდებულება, ეს ჩვენი კეთილი ნება და სურვილია, რომ რეალურად დადებითად შევცვალოთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება. ჩვენთვის ეს არავის დაუვალდებულებია ჩვენივე დამფუძნებლების ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-ის, ინდური TATA Power-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  გარდა, რომლებიც ძალიან მაღალ პასუხისმგებლბას გრძნობენ იმ ქვეყნის წინაშე, სადაც საქმიანობას აწარმოებენ.

თქვენ მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულებას ხელმძღვანელობთ, რამდენად გრძნობთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭრას პროექტის განხორციელების პროცესში?

ამ მასშტაბის ჰიდროენერგო პროექტის განხორციელება შეუძლებელია მთავრობასა და კერძო კომპანიას შორის წარმატებული თანამშრომლობის გარეშე. ბუნებრივია, რომ ვგრძნობთ მთავრობის მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროების მხრიდან. ჩვენი, როგორც ენერგო პროექტის მთავარი პარტნიორია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელობის უშუალო ძალისხმევით ბევრი სირთულეები გადალახა პროექტმა.

განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო პიროვნულად, ბატონები ილია ელოშვილი და  ირაკლი ხმალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან პროექტის განვითარების საწყისი ეტაპიდან დღემდე და რომელთა პიროვნული ღვაწლია ჩვენი პროექტის განუხრელი წარმატება.

ჩვენ უკვე თითქმის 65% დავასრულეთ სამშენებლო საქმიანობის და არც ერთ ეტაპზე არ გვქონია უკუსვლა ან მნიშვნელოვანი შეყოვნება. წინ მივიწევთ სრული სვლით!

კომპანია თავის მხრივ სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს მთავრობის და ქვეყნის წინაშე, რომ დროულად დაასრულოს პროექტი და დათქმულ ვადებში დაიწყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სუფთა, ჰიდრო ენერგიის წარმოება.

ასევე, მინდა ავღნიშნო ენერგოსექტორში მოღვაწე სახელმწიფო კომპანიები: სსე საქართველოს ელექტროსისტემა, სს საქრუსენერგო, სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი და სხვები, რომლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი პროექტისთვის და ჩვენი კომპანიისთვის შეუცვლელი და საიმედო მხარდაჭერაა.

ჩვენი პროექტი კერძო და საჯარო პარტნიორობის წარმატებული მაგალითია საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც ბიზნეს საქმიანობისთვის საიმედო ქვეყნის იმიჯის შესაქმნელად.

ახლა უშუალოდ თქვენზე მინდა გკითხოთ, საქართველოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქალების მხარდაჭერის საკითხი, როგორც პოლიტიკაში ასევე ბიზნესში  გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. თქვენი აზრით რა სჭირდება ქალს წარმატების მისაღწევად?

მე მიმაჩნია რომ წარმატების ფუნდამენეტი ხარისხიანი განათლების მისაღებად თავდაუზოგავი შრომა და იმ საქმეში ბოლომდე დახარჯვაა რასაც აკეთებ. ჩემ გვერდით ბევრი წარმატებული ქალია, რომლებითაც  აღფრთოვანებული ვარ, რადგან ძალიან რთულია იყო ერთდროულად წარმატებული კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც, მით უფრო როცა საქმე შვილების აღზრდას ეხება.

ამიტომ, ალბათ მამაკაცები არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ ქალებს ორმაგი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ თანაბარუფლებიან  კონკურენციაში ჩაებან და წარმატებას მიაღწიონ, შესაბამისად, მეტ აპლოდისმენტებსაც იმსახურებენ. ზოგადად, მე ვფიქრობ, არამარტო ქალებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის წარმატების მთავარი გასაღები არის მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა და რაც ყველაზე მთავარია მუდმივი ოპტიმიზმი. საბოლოოდ, ეს სამყარო, სწორედ ოპტიმიზმის საფუძველზე დგას.

ენერგოკომპანიაში სადაც თქვენ თავად მმართველ გუნდში ხართ, თქვენს გარდა რამდენად არაინ ქალები დასაქმებულნი საპახუხისმგებლო თანამდებობებზე?

ჩვენ  ამ მხრივაც ლიდერები ვართ, როგორც მმართველ გუნდში, ასევე სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე აქტიურად არიან ქალები დასაქმებულები, ზოგადად საქართველოს ენერგოსექტორში საკმაოდ ბევრი წარმატებული ქალია წამყვან პოზიციებზე ამ მხრივ სექტორი მთლიანად გამოირჩევა სხვა ტექნიკური დარგებისგან საქართველოში.

რამდენადაც ვაკვირდები, სულ უფრო აქტიურად ხდება ქალების დაინტერესება ტექნიკური პროფესიების მიმართ, რაც ძალიან მიხარია, ვფიქრობ ნელ-ნელა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში გამეფებული სტიგმა, რომ “ტექნიკური პროფესიები ქალის საქმე არაა”, წარსულს ჩაბარდება. თუმცა, ზოგადად ტექნიკური განათლების დონის ამაღლება ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში. ამ დარგების პოპულარიზაცია კი ალბათ ქვეყნის მომავალი წინსვლის საწინდარია.
12210753_1131811860182055_1909871296_o

 

Leave a Reply