აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ.
თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებები და ობიექტთან მიუშვას მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები. თეთრი სახლის ცნობითვე, ჯო ბაიდენი ინფორმაციის მისაღებად ესაუბრა აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჯილ ჰრუბისაც. თეთრი სახლის ოფიციალური შეტყობინება არ შეიცავს რაიმე დამატებით ინფორმაციას ამ საუბრების შესახებ.
სააგენტო AFP ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების ბოლო ინფორმაციით, რადიაციის დონე გაზრდილი არ არის, თუმცა, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.