OPEC+ შესაძლოა, დაიშალოს

OPEC+ თანამშრომლობის ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ შესაძლოა, დაიშალოს, რადგან დასავლური ძალები საუდის არაბეთს, აბუ დაბის და სხვა წევრ ქვეყნებს, მოსკოვთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტის მიზნით, მძიმე ზეწოლის ქვეშ მოაქცევენ. ინფორმაციას OilPrice.com ავრცელებს.

მოსკოვთან მზარდი ეკონომიკური, ფინანსური და სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარ არაბულ მოთამაშეებს, განსაკუთრებით, ერ რიადს, აბუ დაბისა და OPEC-ის არაწევრ ეგვიპტეს შორის ჩამოყალიბდა, ახლა საფრთხის ქვეშაა.

პორტალის პროგნოზით, მართალია, ამ ეტაპზე არაბული ქვეყნებისგან უკრაინაში პუტინის შეჭრის გაპროტესტებას არ მოითხოვენ, მაგრამ დახურულ კარს მიღმა თემა აუცილებლად დადგება.

„ვაშინგტონი, ბრიუსელი, ლონდონი და პარიზი არ დაუშვებს, რომ ენერგიის მწარმოებელთა მთავარმა ბლოკმა პუტინთან თანამშრომლობა გააგრძელოს,“ – წერს OilPrice.com, რომლის პროგნოზითაც, მომდევნო ორი დღე შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს OPEC+ მომავლისთვის, განსაკუთრებით, თუ პუტინი უკრაინასთან ომს გააგრძელებს.

„OPEC-ის ორი მთავარი ლიდერისთვის, ერ რიადისა და აბუ დაბისთვის, ეს მეტად რთული ამოცანა იქნება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ბაზრებზე მათი სტრატეგიული კონტროლის ნაწილი რუსეთთან თანამშრომლობას ეფუძნება. მოსკოვის გავლენა, საწარმოო ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოფილი სსრკ-ს სხვა ქვეყნებისთვის,“ – წერს პორტალი.

ანალიტიკოსების მონაცემებით, ამჟამად რუსეთის სარეზერვო სიმძლავრე დღეში 300,000 ბარელზე ნაკლებია. მოსკოვი აწარმოებს, დაახლოებით, 10,8 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში მაშინ, როცა OPEC+ შეთანხმებების შესაბამისად, დღეში, დაახლოებით, 12 მილიონი ბარელი უნდა აწარმოოს. თუ რუსეთი ამ ციფრებს ვერ მიაღწევს, ალიანსში მოსკოვის გავლენა შემცირდება.

აქამდე არაბული სუვერენული სიმდიდრის ფონდები სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებდნენ რუსეთში, ჩინეთსა და აზიაში, ხოლო რუსული ინვესტიციები პორტებსა და ინდუსტრიულ ზონებში, როგორიც არის სუეცის არხი, პოლიტიკური გავლენით სარგებლობდნენ. ამდენად, დღემდე არცერთ არაბულ ქვეყანას არ სურდა, მკაფიო არჩევანი გაეკეთებინა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

„დღეიდან ერ რიადი და აბუ დაბი ნებისმიერ ნაბიჯს ვაშინგტონთან, ლონდონთან ან ბრიუსელთან აუცილებლად შეათანხმებენ, თუმცა პირდაპირი ხაზი პეკინთანაც ექნებათ. შესაძლოა, დასუსტებულმა OPEC+ პეკინს უპირატესობაც მისცეს, რადგან მოსკოვი უფრო მოინდომებს ჩინეთში ნაკადების გაზრდას,“ – წერს OilPrice.com.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply