უკრაინის ატომური ენერგიის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ჩაერთონ ქვეყნის 15 ბირთვული რეაქტორის დაცვაში, რადგან რუსული ჯარი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სიტუაციის შესაფასებლად 2 მარტს ვენაში საგანგებო სხდომას მოიწვევს. სააგენტო რამდენიმე დღეა ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ომი ქმნის უფრო ფართო ტრაგედიის რისკს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის დაზიანებით.
“უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ყურადღებით და სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდები, განსაკუთრებით კონფლიქტის პოტენციურ გავლენას ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებაზე. აუცილებელია, რომ ატომური ელექტროსადგურები არავითარ შემთხვევაში არ დადგეს რისკის ქვეშ. უკრაინაში ატომურ ობიექტებში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და გარემოს”,- თქვა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ.
უკრაინულმა კომპანია Energoatom-ის ხელმძღვანელმა, პეტრ კოტინმა IAEA-ს სთხოვა, შექმნას 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონა ქვეყნის ოთხი ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს რეგულარულად მოძრაობენ რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები, არტილერია და სარაკეტო დანადგარები, ნათქვამია Energoatom-ის განცხადებაში.
IAEA-ს ცნობით, რუსული ჯარები ახლოს არიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან – ევროპაში ყველაზე დიდი ექვსი რეაქტორით – მაგრამ შესასვლელი არ დაურღვევიათ. უფრო სერიოზული პრობლემაა ცვლის პერსონალის ნაკლებობა რეაქტორების ფუნქციონირებისთვის. უწყების ცნობით, ერთ-ერთ ობიექტში ცვლის ზედამხედველი 24 თებერვლის შემდეგ არ გამოსულა.
კვირას სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბირთვული ნარჩენების შემცველი უკრაინის ორი ობიექტი დაზიანდა მას შემდეგ, რაც რაკეტებმა დაარტყეს რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს კიევში და დაზიანდა ელექტრო ტრანსფორმატორი ხარკოვის საწყობში.
საფრანგეთის შემდეგ უკრაინა ევროპაში ბირთვული ენერგიის სიდიდით მეორე მწარმოებელია. Energoatom-ი, საწარმო, რომელიც მართავს რეაქტორებს, განაგრძო ოთხი ქარხნის ოპერირება 15 რეაქტორით მაშინაც კი, როდესაც რუსული სამხედრო შემოჭრა დაიწყო. ბირთვული ენერგია ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფს.
წყარო: businessformula.ge