ლიზ ტრასი რუსეთის ენერგომატარებლებზე წვდომის შეზღუდვას მოითხოვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა კვირას განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას, კერძოდ, მისი გაზისა და ნავთობის მარაგებზე წვდომის შეზღუდვას.

„საქმე ამით არ სრულდება,“ უთხრა ტრასმა Times Radio-ს. „დღეს ‘დიდ შვიდეულში’ პარტნიორებს ვხვდები და შეხვედრაზე მოვითხოვ, გავამკაცროთ რუსეთის წინააღმდეგ ზომები, მათ შორის – რუსეთის ნავთობსა და გაზზე წვდომა,“ თქვა ტრასმა. იგულისხმება რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე ლიმიტის დაწესება.

ამავე დროს მან გააფრთხილა რუსეთის ლიდერები, რომ ისინი სამხედრო დანაშაულებისთვის შეიძლება იქნენ გასამართლებული.

აშშ-მა, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესეს უკრაინაში შეჭრის გამო. ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე სანქციების ორი პაკეტი დაამტკიცეს. ისინი ეხება რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საფინანსოს. შემოღებულია პერსონალური სანქციებიც, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply