BP ბრიტანელი პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ არის, რომ რუსულ ენერგეტიკულ ჯგუფ „როსნეფტში“თავისი წილი გაყიდოს და მასთან კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ The Financial Times წერს.
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის დეპარტამენტის მდივანმა, კვასი კვარტენგმა BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლუნი ე.წ. კრიზისულ თათბირზე მას შემდეგ დაიბარა, რაც კომპანიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „როსნეფტის“ წილის გაყიდვა მოთხოვეს. ბიზნესმდივანმა „როსნეფტში“ BP-ის ჩართულობით შეშფოთება გამოთქვა და ბერნარდ ლუნის მოსთხოვა, გაემართა ბრიფინგი რუსეთთან კომპანიის კონტაქტების დეტალური ინფორმაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ბრიტანელი პოლიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც უკრაინაზე სისხლიან თავდასხმაში მონაწილეობენ, „როსნეფტი“ საწვავით ამარაგებს, BP კი ამ კომპანიაში 19,75%-იან წილს ფლობს.
ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა, სერ ედ დევიმ, ასევე, მოუწოდა BP-ს, უარი თქვას „როსნეფტის“ ინვესტიციებზე „დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის“ გადაწყვეტილებით.
The Financial Times-ს წყარომ განუცხადა, რომ ბიზნესმდივანთან შეხვედრა „BP-მ დიდი ბრიტანეთის მთავრობის შეშფოთებაში დარწმუნებით” დატოვა.
BP-ის ტოპ 20-მა აქციონერმა განაცხადა, რომ „როსნეფტში“ კომპანიის აქციები სულ უფრო პრობლემური ხდება, მაგრამ კომპანია პასიური ინვესტორია და თავისი მინორიტარული წილის მყიდველის პოვნა გაუჭირდება.
რუსეთის მთავრობა „როსნეფტში“ 40%-იან პირდაპირ წილს ფლობს. „როსნეფტი“ რუსეთში ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაა, რომელიც 13 გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს. მისმა ობიექტებმა 2020 წელს 93 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაამუშავეს. კომპანია საწვავით რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას, მათ შორის სამხედრო-საჰაერო ძალებს ამარაგებს.
წყარო: bpn.ge