გერმანიას გაზსა და ნახშირის ყიდვა სხვა ქვეყნებში მოუწევს. გადაწყვეტილება რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ ჰაბეკმა გააჟღერა, იუწყება რია ნოვოსტი.
„ჩვენ მოგვიწევს გაზის ყიდვა, ისევე როგორც ნახშირი სხვა ქვეყნებში უფრო დიდი მოცულობით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია იმდენად დამოკიდებული ვიყოთ ქვეყანაზე, რომელიც პატივს აღარ სცემს საერთაშორისო კანონს“, – თქვა მან.
ჰაბეკმა ასევე დასძინა, რომ Nord Stream 2 გაზსადენის გაშვება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში შეუძლებელია.
24 თებერვალს ვაჭრობისას ევროპაში გაზის ფასი 40 პროცენტზე მეტით გაიზარდა. საწვავი მაქსიმუმამდე გაძვირდა 2021 წლის დეკემბრიდან, ათას კუბურ მეტრზე 1400 დოლარად. ეს მოხდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ დონბასში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ.
მანამდე ჰაბეკმა განაცხადა, რომ ენერგომომარაგების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მიუხედავად Nord Stream 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის სერტიფიცირებაც შეჩერებულია.
„წლიურად დაახლოებით 90 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გვჭირდება. გერმანული გაზსაწყობების სიმძლავრე არის 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სრული შევსების შემთხვევაში. არის პოტენციალი, რომ თხევადი გაზი უზრუნველყოს ზამთარში მიწოდება“, – შეაჯამა მინისტრმა.
წყარო: bfm.ge