პუტინის მიერ 8 წლის წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუბლის კურსი დავარდა, თუმცა ნედლი ნავთობი გაძვირდა. Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $98-ს, ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა კი $96-ს გადააჭარბა. მოლოდინები ნეგატიურია და იმისა ალბათობა, რომ $100-იანი ზღვარი გადაილახება, საკმაოდ მაღალი.
ბენზინის საცალო ფასს პლატსი განსაზღვრავს, პლატსის ფასი კი თავის მხრივ ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა დამოკიდებული. იანვრის დასაწყისიდან დღემდე, პლატსზე 1 ტონა (1300) ლიტრი ბენზინის ფასი 22%-ით $906-მდე გაიზარდა. ბოლო ორ თვეში ლარი მცირედით გამყარდა, რაც ნავთობის გაძვირების საპირწონე არ აღმოჩნდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 22 თებერვლის მდგომარეობით ყველაზე იაფი რეგულარი ბენზინის შეძენა 3.10-3.23 ლარადაა შესაძლებელი, პრემიუმი 3.20-3.27 ლარი ღირს, სუპერი 3.30-3.37 ლარი, დიზელის ფასი 3.09-დან იწყება და 3.25 ლარამდე ადის. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ფასები უახლოეს მომავალში გაიზრდება.
საწვავი უკიდურესად არაელასტიური პროდუქტია და მასზე ფასის ზრდა მოხმარებას ვერ ამცირებს, ან ამცირებს, მაგრამ გაძვირების პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები ტემპით. ეს ფაქტი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ტრანსპორტირების გაძვირების გამო ფასები მეტ-ნაკლებად ყველა პროდუქტზე იზრდება. ფოთის პორტში შემოსული პროდუქტი უკვე გაძვირებულია, რასაც შიდა დისტრიბუციის გაზრდილი ხარჯიც ემატება.
2021 წელს 12 თვის გასაშუალოებულმა ინფლაციამ 9.6% შეადგინა, თუმცა განაკვეთმა დეკემბერში 13.9%-ს მიაღწია. 13.9%-იანი ინფლაცია დადასტურდა მიმდინარე წლის იანვარშიც. ინფლაცია თავისი არსით დაფარული გადასახადია, რომელიც პირველ დარტყმას სოციალურად მოწყვლად ფენას აყენებს. ბოლო 12 თვეში 10.6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 116 000-ით 648 000-მდე გაიზარდა.
1 ლიტრ ბენზინში ყოველი მომხმარებელი 38 თეთრს აქციზის საფასურს იხდის, დიზელში 31 თეთრს, აქციზის ფასის განახევრებით ან გაუქმებით საწვავის ღირებულება შესაბამისად 15-20 ან 30-40 თეთრით შემცირდებოდა. საწვავავზე აქციზის გაუქმებით ბიუჯეტს 0.5 მლრდ ლარზე მეტი აკლდება, განიხილავს თუ არა მთავრობა მის შემცირებას ან გაუქმებას უცნობია, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეულ ვერსიებს განიხილავენ: ამ ეტაპზე ჩვენ ვერაფერს დაგიდასტურებთ, თუმცა განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას, ვაკვირდებით პროცესს და ჩვენ შეიძლება გადაწყვეტილება მივიღოთ მყისიერად, სიტუაციიდან გამომდინარე. ანუ, სიტუაციაზე გვექნება რეაგირება — განაცხადა მინისტრმა.
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა სავაჭრო ბალანსზეც უარყოფითად აისახება. იანვარში ნავთობპროდუქტების იმპორტში გადახდილი ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა და $73 მლნ შეადგინა. 2011-2014 წლებში ძვირი ნავთობის პირობებში საწვავის იმპორტის ღირებულება $900 მლნ-ს აჭარბებდა, 2020 წელს $499 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი $823 მლნ-მდე გაიზარდა, მოხმარების ზრდის პირობებში, ნავთობზე ფასების ზრდის ან თუნდაც შენარჩუნების პირობებში 2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში $1 მლრდ-ს გადააჭარბებს.
წყარო: “კომერსანტი”